X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

The Washington Times - “საქართველო: წარმატების მაგალითი კორონავირუსთან ბრძოლაში”

23 აპრილი 2020

ამერიკული გამოცემა „The Washington Times“ კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს წარმატებით დაინტერესდა და ვიცე პრემიერის მაია ცქიტიშვილის ინტერვიუს აქვეყნებს. სტატიის ავტორი ტიმ კონსტანტინი აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც კორონავირუსის გამანადგურებელი პანდემია გრძელდება, მთელ მსოფლიოში უკვე დადასტურდა ვირუსის 2,6 მილიონზე მეტი შემთხვევა და თითქმის 200 000 გარდაცვალება, მსოფლიო მედიის ყურადღების მიღმა დარჩა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის წარმატების ისეთი მაგალითები, როგორიც აჩვენა საქართველომ. „The Washington Times“-ის კითხვებს, თუ როგორ მიაღწია საქართველომ წარმატებას ხალხის ჯანმრთელობისთვის ბრძოლაში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა უპასუხა. ქვეყანაში არსებული სიტუაციის განსხვავებულობის მიზეზად ვიცე-პრემიერმა სახელმწიფოს მიერ ადრეულ ქმედებებთან ერთად, მოსახლეობის პასუხისმგებლობა დაასახელა.

„ჩვენ თავიდანვე სერიოზულად მოვეკიდეთ და ვუპასუხეთ ამ გამოწვევას. პირველ ყოვლისა, ჩვენ ძალიან ადრევე მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილებები. მეორე, ჩვენ ყურადღებით ვუსმენდით ჩვენი ჯანდაცვის სპეციალისტებს. საზოგადოებასთან კომუნიკაციის დროს ჩვენ გულისყურით ვეკიდებოდით საკითხს და გვქონდა ძალიან მკაფიო და თანმიმდევრული მიდგომა კორონას ლოკაციებთან დაკავშირებით,”- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს ის, „რასაც ჩვენ ერთად - საქართველოს მთლიანი მოსახლეობა ვაკეთებდით“. მაია ცქიტიშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სახელისუფლებო გუნდის მოქმედება დიდი გულისხმიერებით გამოირჩეოდა, ხოლო ქართველმა ხალხმა გამოიჩინა მოსმენის უნარი. „ჩვენ გვყავს ძალიან პასუხისმგებელიანი მოქალაქეები და, ამ ურთიერთგაგების წყალობით, ვირუსზე რეაგირებისათვის მზადყოფნა წარმატებით შევძელით“.
ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი ბევრი სხვა ქვეყნის მოსახლეობაზე უკეთ შეიძლება იყოს მომზადებული მოულოდნელ გამოწვევაზე რეაგირებისთვის, რადგან ქართველთა ბოლო ორ თაობას გადატანილი აქვს ისეთი კონფლიქტები და სირთულეები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეშე ძალებისგან, რამაც მათ  მოულოდნელ მოვლენებზე რეაგირების და მტკიცე პასუხის გაცემის უნარი შესძინა.  მაია ცქიტიშვილის შეჯამებით, „საქართველოს ბევრი გაჭირვება აქვს გადატანილი, რის გამოც სირთულის ჟამს გადარჩენის და ადაპტაციის აუცილებლობა, რა თქმა უნდა, გვაერთიანებს და სიმტკიცეს გვმატებს“.

ვიცე-პრემიერი ასევე ისაუბრა კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს ბრძოლაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შეტანილ წვლილზეც. „თითქმის 30 წლის განმავლობაში ჩვენ ვგრძნობთ დახმარებას და მხარდაჭერას აშშ-ის მხრიდან. აშშ-ის საფრთხეების სააგენტოს მიერ ჩატარებული ტრენინგები დაგვეხმარა, ვყოფილიყავით უკეთ მომზადებულნი კორონავირუსისთვის. მათ მიერ მომზადებული ადამიანები არიან ჯანდაცვის პროფესიონალები - სათანადოდ მომზადებული და პატივსაცემი ადამიანები. ლუგარის ცენტრის პერსონალიც, ჩვენი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მეშვეობით, აშშ-ის მიერაა მომზადებული. სწორედ ისინი დგანან ჩვენი ერის წინა ხაზზე კორონავირუსთან ბრძოლაში“.

ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველოს ჯანდაცვის გუნდის მიერ გაწეულ შრომას,  რომელთა ძალისხმევით, ქვეყანა უკეთ მომზადებული აღმოჩნდა ამ გამოწვევისთვის. მისი თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტების რეაგირება იყო ფრთხილი და სწორედ პრევენციული და საპასუხო ზომების დროული მიღებით შეძლო სახელმწიფომ წარმატების მიღწევა.   

ვიცე-პრემიერმა ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკაზეც პანდემიის პირობებში და აღნიშნა, რომ საქართველოს სახელისუფლებო გუნდისთვის მნიშვნელოვანი 2 პირორიტეტი არსებობს. ესენია -  ხალხის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, და ქვეყნის ეკონომიკის სიჯანსაღე. „ისევე, როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ჩვენც ვცდილობთ ამ ორ პრიორიტეტს შორის ბალანსის დამყარებას“-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. 

სტატიის ავტორი მიმოიხილავს საქართველოს ხელისუფლების მიერ ადრეულ ეტაპზე  დაანონსებულ ეკონომიკური სტიმულირების პაკეტს, რომელიც მოიცავს: ასობით მილიონი დოლარის ოდენობის პირდაპირი დახმარებას ბიზნესებისთვის; რამდენიმე თვიან შეღავათებს ქონების და საშემოსავლო გადასახადებზე; ფულადი ნაკადის ხელშეწყობის მიზნით დღგ-ის დაბრუნებას ბიზნესებისთვის; საგანგებო ფონდის შექმნას საავადმყოფოებისა და ჯანდაცვის სისტემის მხარდასაჭერად; თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან (აშშ-ს, ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ჩათვლით), რომლებმაც კრიზისის პერიოდში გამოყვეს საგანგებო დაფინანსება საქართველოსთვის.

რაც შეეხება პანდემიის გამო ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მოხსნას, ვიცე-პრემიერი თქმით აქ „სიფრთხილე“ წარმოადგენს მთავარ სიტყვას. „ჯანდაცვის მონაცემებზე დაყრდნობით, ჩვენ შევაფასებთ სიტუაციას ქვეყანაში, გვმართებს სიფრთხილე და არა აჩქარება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ გახსნისთვის, როგორც კი ვირუსი უფრო კონტროლირებადი გახდება და რისკები შემცირდება“- ამბობს მაია ცქიტიშვილი.

„The Washington Time“-ის მოსაზრებას, რომ საქართველო, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე, ტურისტებისათვის უფრო მიმზიდველი შეიძლება გახდეს უკვე როგორც კორონავირუსთან წარმატებით მებრძოლი და უსაფრთხო ქვეყანა, ვიცე-პრემიერი პასუხობს, რომ მიესალმება ამ შესაძლებლობას, თუმცა ჯერ მთავარი საზრუნავი ისევ ხალხის ჯანმრთელობის დაცვაა. „ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ სტუმრების ჩამოსვლას, როცა ამისთვის შესაფერისი დრო დადგება“,- ამბობს მაია ცქიტიშვილი. 

სტატია ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://m.washingtontimes.com/news/2020/apr/22/coronavirus-success-story-the-nation-of-georgia/